გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი ინსტიტუცია ევროპაში ისეთ რეზოლუციებს იღებს, რომელსაც მისივე კოლეგა ინსტიტუტები აუქმებენ და აქარწყლებენ

„ასეთი ტიპის რეზოლუციები გვინახავს. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი თავის რეზოლუციებში უკვე ისეთ შინაარსს დებს, რომელმაც რეალურად ფასი დაკარგა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თითქოს საპატიმროში აწამებენ, რაც ევროპის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სასამართლომ, თავისი დასკვნით, შემდეგ უარყო.

„ასეთი ტიპის რეზოლუციები გვინახავს. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი თავის რეზოლუციებში უკვე ისეთ შინაარსს დებს, რომელმაც რეალურად ფასი დაკარგა. დაახლოებით ერთი წლის წინ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ დაწერა, რომ თურმე, პატიმარ სააკაშვილს აწამებენ საქართველოში და ის უნდა გათავისუფლდეს – დღეს ვხედავთ, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივ ჯანმრთელად არის და ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს.

გარდა ამისა, ევროპის ინსტიტუტმა, ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სასამართლომ ევროპარლამენტის რეზოლუცია გააქარწყლა და თქვა, რომ „სააკაშვილს არ აწამებენ“. ასევე, გვახსოვს რეზოლუცია კეზერაშვილთან დაკავშირებით, სადაც ის მედია მენეჯერად მოიხსენიეს და რამდენიმე კვირაში, ევროპის სააგენტოებმა მას ბრალი თაღლითობაში წაუყენეს.

სულ მცირე, ევროპარლამენტის მიერ მიღებული ორი რეზოლუცია მოვიტანეთ, რომელიც ევროპის ინსტიტუციებმა და ფაქტობრივმა გარემოებებმა გააქარწყლა. ამიტომ საუბრობს „ხალხის ძალა“ ამაზე – სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი ინსტიტუცია ევროპაში ისეთ რეზოლუციებს იღებს, რომელსაც თავისივე კოლეგა ინსტიტუტები აუქმებენ და აქარწყლებენ – რომ არაფერი ვთქვათ იმ ფაქტობრივ მოცემულობაზე, რომელსაც საქართველოს საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Back to top button