ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს სამხედრო ატაშესთან, შალვა ჯაბახიძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქართულმა დელეგაციამ ყვავილებით შეამკო მაუთჰაუზენსა და მის ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალური დაფა, რომელიც 2018 წელს, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით გაიხსნა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს კონსული, თამთა კინწურაშვილი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი სტუდენტები და მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა შთამომავლები.

მაუთჰაუზენის ბანაკი, ავსტრიის ტერიტორიაზე არსებული,მთავარი საკონცენტრაციო ბანაკი იყო და მიეკუთვნებოდა მესამე, განსაკუთრებით მძიმე პირობების მქონე ბანაკთა კატეგორიას. მის დაქვემდებარებაში შედიოდა 49 საკოცენტრაციო ბანაკი.

1938-1945 წლებში, აქ,დაახლოებით 190 00 ადამიანი იმყოფებოდა ტყვეობაში, მათგან, დაახლოებით 90 000 ბანაკის მკაცრ რეჟიმს შეეწირა. 1945 წლის 5 მაისს, აშშ-ს არმიამ მაუთჰაუზენისა და გუზენის ბანაკები და იქ მყოფი დაახლოებით 40 000 ტყვე გაათავისუფლა.

1949 წელს, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე, რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა.

Back to top button