ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა.
„30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

სანამ უშუალოდ მეორე ტურისთვის მზადების შესახებ ვისაუბრებ, მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები.

არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე წარმართა და დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი. შესაბამისად, დღეს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 000-ზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

ახლა კი წინ მეორე ტურია. საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და 1870 საუბნო საარჩევნო კომისია, აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, მიუხედავად იმისა – პროფესიული ნიშნით არიან არჩეული, თუ პარტიის მიერ დანიშნული – არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური – ჩვენ ერთად ვატარებთ არჩევნებს.

კარგად ჩატარებული არჩევნები – სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში – რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია – სწორედ მათ ხედავთ ახლა ჩემს გვერდით, ეს არის ის არასრული შემადგენლობა საარჩევნო ადმინისტრატორებისა, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ქართულ დემოკრატიას. ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება – ხმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებული რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

Back to top button