არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები რაოდენობრივად კი არ უნდა შეფასდნენ, არამედ, მათი საერთო ანტიკონსტიტუციური საქმიანობით.

მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები გარე პატრონების დავალებით იბრძვიან კონსტიტუციური წყობილებისა და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. გორდულაძეს მაგალითად მიჰყავს მიხეილ სააკაშვილის განცხადება უცხოეთში IRI-ის ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც უცხოელებმა ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდეს. იგი ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციის ღია თუ ფარული ერთობა ყოველთვის გარედან მიღებული დავალებების შესრულებას ემსახურება, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

„გუშინ მაგალითად, ჯაფარიძემ, „ლელოს“ თავჯდომარემ, ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ხუთი პარტია არსად არ აკრძალულა, მაგრამ სამი აკრძალულა, ესე იგი რაოდენობრივად ითვლიან, რეალურად ანტიკონსტიტუციური პარტიების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, კოლექტიური ნაცმოძრაობა შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით, მაგალითისათვის, აგერ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ IRI-ის ორგანიზებით ისინი იმყოფებოდნენ უცხოეთში, სადაც უცხოელებმა მოუწოდეს, რომ გაერთიანდნენ, რომ ზოგი შეთანხმდა, ზოგი ვერ შეთანხმდა მიხეილ სააკაშვილის,  ამ ოდიოზური პიროვნების, მაუქმებელი ძირის გარშემო. ცხადად და ღიად გაერთიანდნენ თუ ფარული ერთობა ჰქონდეთ, მთავარი ერთია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გარედან მიღებულ დავალებების შესრულებას ყოველთვის შეეცდება, რასაც აბსოლუტურად ყოველთვის ქართველი ხალხი შეეწინააღმდეგება.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Back to top button