იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილნი მხარს უჭერენ სამართლიანობას, ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ სწრაფვას, დემოკრატიას, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და დეოკუპაციას.
„დიახ, სწორედ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მაქსიმუმი იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე ყოფილიყო აღიარებული, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და სწორედ რამდენიმე დღის წინ ჩვენ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. სწორედ „ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ სახელმწიფოს ეზრუნა ადამიანებზე. ყველამ კარგად ვიცით საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და კიდევ ძალიან ბევრი სხვა სიკეთე, რაც მოუტანა „ქართული ოცნების” მმართველობამ ქართველ საზოგადოებას და სწორედ ამ პერიოდში ხალხმა დაინახა სახელმწიფოში საკუთარი პარტნიორი და არა მოძალადე”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „რუსთავის 2″- ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება” არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს და გამარჯვების შემდეგ, ისევე, როგორც ყოველთვის, საკუთარი ამომრჩევლის მსახური იქნება.
„დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ამ დიდ გამარჯვებას ჩვენ ამ ხალხსა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობასთან ერთად აუცილებლად ვიზეიმებთ. ამ გამარჯვების შემდეგ, ისევე, როგორც „ქართული ოცნების” მმართველობის მთელ პერიოდში, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს თითოეული მოქალაქის მსახური. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს ადამიანს, ჩვენი კარი ყოველთვის ყველასთვის ღიაა”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, 50-პროცენტიანი ბარიერი, რომელმაც ქართული დემოკრატიის განვითარებაზე გარდამტეხი როლი იქონია, სწორედ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში გაჩნდა.
„არჩევნები პრაქტიკულად დასრულებულია. რამდენიმე ქალაქში არის მეორე ტური და ესეც „ქართული ოცნების” მონაპოვარია. ეს არის დემოკრატია, როდესაც იმართება მეორე ტური. ეს 50-პროცენტიანი ბარიერიც, რომელმაც პრაქტიკულად გარდამტეხი როლი იქონია ქართული დემოკრატიის განვითარებაზე, სწორედ „ქართული ოცნების” პერიოდში გაჩნდა”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.