პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ შემაჯამებელ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო! მივესალმები სრულიად საქართველოს!
მადლობას მობრძანებისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. ჩვენ ვალდებული ვართ გავამართლოთ ეს ნდობა და ღირსეულად ვატაროთ პასუხისმგებლობის ტვირთი.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, – ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისკენ და განვითარებისკენ.
ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს თავის წვლილი შეაქვს საქართველოს მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას წარმოვადგენთ – დღეს ჩვენ ყველა ამ ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, რომლებიც ერთად ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის.
მე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე, პატივისცემის, სიყვარულის, მიტევების, ჩვენი ისტორისა და კულტურის საწყისებზე და ყველაზე მთავარი რაც ვისწავლე არის ის, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, უნდა ვაკეთებდეთ გულით, ვიყოთ მართალი საკუთარ თავთან და საკუთარ ხალხთან, ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ ქვეყანას და მომავალს წაადგება.
ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო, ყველა რეგიონი, ყველა მუნიციპალიტეტი. უნიკალური, გამორჩეული, განუსაზღვრელი შესაძლებლობის მქონე სამშობლო გვაქვს.
სწორედ, თითოეული მუნიციპალიტეტის არსებული შესაძლებლობების გამოყენებისთვის და ახლის შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საქართველო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი თბილისი და ძლიერი რეგიონები.
ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეულმა დაინტერესებულმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის ის მიდგომა, რაც ძალიან სჭირდება რეგიონების განვითარებას. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს – მათი ინტელექტი, ახალგაზრდული ენერგია, ჟინი და მოტივაცია გამოიყენონ ქვეყნის საკეთილდღეოდ და მაქსიმალურად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენი მხრივ გპირდებით, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც ყველას ექნება საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება.
ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი და ღირებულება ყოველთვის იყო ადამიანი და გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა სწორედ ჩვენს ქვეყანაში შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში და მათი შრომა გახდეს დაფასებული.
დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტი თავის მხრივ ყოველთვის იქნება როგორც მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და განვითარებას.
,,ქართული ოცნების” პოლიტიკა იზიარებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა. ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, ეს ისტორიული არჩევანია და ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო ახალ დონეზე აეყვანა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი მიზანია დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.
დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გამარჯვებები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების.
გამარჯვებაა, როცა თითოეული ოჯახი იქნება ძლიერი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სიღარიბეზე, გამოწვევებზე, რომელიც სამწუხაროდ განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების და აუცილებელია რომ მათთან გამკლავება იყოს ბრძოლის მთავარი მიზანი. შემდეგი სამი წელი ქვეყანაში უნდა დაეთმოს მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას, რეფორმებს – დაწყებული რეფორმების დასრულებას და ახალი რეფორმების დაწყებას.
რა თქმა უნდა, მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება ოკუპაცია. მე მინდა მივესალმო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და დავპირდე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთად, გამთლიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვროთ.
საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით.
მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველას გვინდა ვიხილოთ გაერთიანებული, ძლიერი, მიზანდასახული, შეუპოვარი და რაც მთავარია გამარჯვებული საქართველო და ეს შეუძლებელია, თუ არ ვიდგებით ერთად! ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა იმ წინაპრებისა და გმირების სახელით, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებელობისთის და ერთიანობისთის ბრძოლას.
ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთადერთი, მსოფლიოში გამორჩეული ისტორიის, კულტურის, რწმენისა და ევროპული მომავლის მქონე, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო.
მაშინაც, როცა მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს დიდ გუნდთან ერთად დამეწყო პოლიტიკური საქმიანობა ვთვლიდი და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ,,ქართულ ოცნება” უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა.
მოგიწოდებთ ყველას, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს პროგრესის, სტაბილურობის, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ.
მე მჯერა, რომ 30 ოქტომბერი ქართული ოცნების, ქართული სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდება და ეს გამარჯვება იქნება გარანტი განვითარების, სტაბილურობისა და სიმშვიდის.
ჩემი ოცნებაა, რომ ჩემმა სამმა შვილმა და თქვენმა შვილებმა იცხოვროს ევროპულ, დემოკრატიულ, უსაფრთხო და ერთიან საქართველოში და ეს ოცნება აუცილებლად ახდება.
ერთად მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე!” – განაცხადა კუჭავამ.