პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის” ახალი შენობა გახსნა.
მთავრობის მეთაურმა რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
სასწავლებელი წლების განმავლობაში რთული პრობლემების წინაშე იდგა. შენობა არ შეესაბამებოდა პროფესიულ გარემოს, ვერ აკმაყოფილებდა ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოთხოვნებს.
ფონდ „ქართუს” ინვესტიციით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, სასწავლებლის შენობა განახლდა. პროექტისათვის 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
პრემიერ-მინისტრმა “ნიჭიერთა ათწლედის” დირექტორს, ნოდარ ჟვანიას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი შენობის გახსნა და სასწავლებლის დაარსებიდან 90 წლის იუბილე მიულოცა.
ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანთან და ფონდ „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაესწრო ახალი შენობის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელშიც „ნიჭიერთა ათწლედის” წარმატებულმა მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს მონაწილეობა.