„მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) ახალ პრემიუმ აბონემენტს წარადგენს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე დამსვენებლებს პრემიუმ სკიპასს სთავაზობს. მისი მფლობელები მთელი სასრიალო სეზონის განმავლობაში ოთხივე კურორტის საბაგიროებით ისარგებლებენ, გუდაურში კი „პირველის“, „სოლიკოს“, „გუდაურასა“ და „ახალი გუდაურას“ საბაგიროებზე მათთვის Fast Track სერვისი – დამოუკიდებელი შესასვლელები ულიმიტოდ იქნება ხელმისაწვდომი.

20 ნოემბრიდან mta.ski-ზე, MTA-სა და Visa-ს სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ახალი სეზონური მულტისკი აბონემენტები გაიყიდება, რომელთა შეძენისას მომხმარებლები პრემიუმ აბონემენტს მიიღებენ.

ზამთრის სეზონიდან აბონემენტების განახლებული ტარიფები ამოქმედდება. საფასო პოლიტიკა კურორტების მდგრად განვითარებას, ინფრასტრუქტურის განახლებას, მომსახურების გაუმჯობესებასა და სრიალის შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება. საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის განსხვავებული ტარიფებია გათვალისწინებული, ბავშვების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კი შეღავათიანი პირობები. რაც შეეხება სპორტული სკოლების აღსაზრდელებს, 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე მათთვის შენარჩუნებულია შეღავათიანი ტარიფი ბავშვთა ერთდღიანი აბონემენტის სტანდარტულ ფასთან შედარებით.

ფასებისა და შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება mta.ski-სა და ,,ემ თი ეი“-ს ოფიციალურ სოციალურ არხებზე.

Back to top button