თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

რიგით მეოთხე „ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი“, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 4-9 ოქტომბერს ჩატარდება. 6 დღის განმავლობაში კინოთეატრ საქართველოში ფესტივალი მაყურებელს შესთავაზებს პროგრამების ფართო სპექტრს. კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს.

წელს საკონკურსო პროგრამაში იხილავთ 25 ფილმს, რომელთა შორისაცაა: კანის, ლოკარნოს, სანდენსის, ტორონტოს, ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებული ნამუშევრები.

საკონკურსო ფილმებს შორის, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს ოქროს დინოზავრს, სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი.

ჟიურის თავმჯდომარეა FIPRESCI-ის წევრი, კინოკრიტიკოსი და ჟურნალისტი ბარბარა ლორეი დე ლაშარიერი. ჟიურის წევრები არიან: მსახიობი და რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი, მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი, კინოოპერატორი არჩილ ახვლედიანი, რეჟისორი რამაზან კილიჩი.

ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ესპანური და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი მარისა პარედესი, მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს ფილმებს, მისი მონაწილეობით, ამასთანავე ის ჩაატარებს მასტერკლასს ქალი მსახიობებისათვის, გაიმართება მსახიობთან შეხვედრაც, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს შეეძლება.

წელს რეჟისორი ფოკუსში, თანამედროვე კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, პედრო ალმოდოვარია, რომლის 75-ე იუბილის აღსანიშნავადაც გაიმართება მისი ფილმების რეტროსპექტივა. ამასთანავე წარმოდგენილი იქნება ემა კოენის შემოქმედება, ამით ფესტივალი აგრძელებს მსოფლიო კინოს განვითარებაში ქალი კინემატოგრაფისტების წვლილის
წარმოჩენას.

2024 წელს სპეციალური ჩვენებებით კინოთეატრსა და ღია სივრცეებში აღვნიშნავთ ქართველი კინემატოგრაფისტების საიუბილეო თარიღებს და ვაჩვენებთ მათ ფილმებს სპეციალურ სექციებში: ნატო ვაჩნაძე 120, თენგიზ აბულაძე 100, სერგო ფარაჯანოვი 100, ლომერ ახვლედიანი 90, ოთარ იოსელიანი 90, რეზო ესაძე-90,, ირაკლი კვირიკაძე 85, გიორგი გერსამია-85, გიორგი ბერიძე-70, ტატო კოტეტიშვილი-65, მიშა კალატოზიშვილი 65, ლიკა ქავჟარაძე 65.

Back to top button