ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასწავლო ვიზიტით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დიპლომის მიმნიჭებელი პროფესიული პროგრამის დელეგაცია ეწვია. ოცდასამკაციან დელეგაციას თსუ-ის ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებს, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტებს გაეცნენ. საუბარი ორ უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთობის განვითარებასა და ახალი მიმართულებებით კონტაქტების დამყარების შესაძლებლობებს შეეხო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ჰონგ-კონგელი სტუმრებისთვის წაიკითხეს ლექციები საქართველოს ისტორიის, პოლიტიკური მდგომარეობის, უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის, ასევე, საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს თემატიკაზე.