არჩილ გორდულაძე: მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში არ არსებობს პრაქტიკა, როდესაც სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობენ კონსტიტუციური განაწესის უგულებელყოფას.

მისი თქმით, მმართველი გუნდის სარჩელში სწორედ ეს არის ერთ-ერთი საფუძველი აღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

„მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი, სადაც 2016-ის, 2017-ის, 2018-ის, 2020-ის, 2021-ის, 2024-ის, 2025 წლის, ამდენ საერთო საყოველთაო არჩევნებზე, მუნიციპალური იქნება თუ საპარლამენტო არჩევნები, ამდენჯერ სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ცდილობდნენ კონსტიტუციური მთავარი განაწესის, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ამ ყველაფრის უგულებელყოფას, მათ შორის, ხალხის არჩევანთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას და ამ გზით ისეთი მოცემულობის შექმნას, რომლითაც შემდეგ გაამართლებდნენ ძალადობრივი გზით სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებასა და ადმინისტრაციული შენობების დაკავებას. ამდენჯერ ასეთი რამ რომ მომხდარიყო, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს. შესაბამისად, მათ შორის, ესეც არის ერთ-ერთი საფუძველი, რაც არის წარმოდგენილი ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Back to top button