არჩილ გორდულაძე ლემონჯავას: მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან და როგორ ემხრობიან, როგორ ამართლებენ ან როგორ ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, წარსულშიც და ახლაც, გაამართლონ ძალადობა

საკონსტიტუციო სასამართლოში, „დროას“ წევრის გიგა ლემონჯავას კითხვაზე პასუხის გაცემისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ პარტიის საქმიანობის შეფასებისას გადამწყვეტი მისი დაფუძნების თარიღი კი არა, დაფუძნების დღიდან განხორციელებული მოქმედებებია.

მისი თქმით, მოპასუხე პარტიები, მიუხედავად დაფუძნების დროისა, ერთსა და იმავე პოზიციებს იზიარებენ და მათი მოქმედებები მიმართულია კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების საწინააღმდეგოდ.

გორდულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, როგორ ამართლებენ პარტიების ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები წარსულსა და აწმყოში ძალადობასა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.„როდესაც კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი და კონსტიტუციის დარღვევის მიზანი არის ყოველთვის, მოპასუხე პარტიები, მიუხედავად მათი დაფუძნების დღისა და დაფუძნების მომენტისა, ყოველთვის ერთსა და იმავე აზრზე დგანან, ერთსა და იმავე ნაბიჯებს დგამენ და ერთსა და იმავე კვლევებით არიან წარმოდგენილნი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, როდის არის დაფუძნებული პარტია, მისი დაფუძნების დღიდან მოქმედება მიმართულია კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საფუძვლების საწინააღმდეგოდ.

შესაბამისად, პარტიის საქმიანობა აკრძალულია და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, როდის არის პარტია დაფუძნებული. მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან და როგორ ემხრობიან, როგორ ამართლებენ ან როგორ ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, წარსულშიც და ახლაც, გაამართლონ, მაგალითად, ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება“, – განაცხადა გორდულაძემ.

Back to top button