სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ამოწმებს. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 140-ზე მეტ საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტში.
კონტროლის შედეგად გამოვლინდა 18 სამართალდარღვევა, მათ შორის, ერთ შემთხვევაში აკრძალული პრეპარატის იმპორტი, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდის რეალიზაციის ფაქტები, მარკირებისა და შეფუთვის წესის დარღვევა, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა.
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, უხარისხო და ვადაგასული პრეპარატები დაილუქა და განადგურდა შესაბამისი წესის დაცვით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წლის განმავლობაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ყველა რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტის შემოწმება აქვს დაგეგმილი. სააგენტოს ინსპექტორები, პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშებს იღებენ.
შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.