ოთარ შამუგია კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დირექტორს თომას ერიქსონს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დირექტორს, თომას ერიქსონს შეხვდა.

ოთარ შამუგიამ დადებითად შეაფასა კლიმატის მწვანე ფონდთან (GCF) თანამშრომლობა და ის პროექტები, რომელიც საქართველოში ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებების შერბილებას, ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნას და ტყის  მდგრად მართვას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მიზნად ისახავს საიმედო ინფორმაციის  მოპოვებას საფრთხეებისა და კლიმატის  რისკების შესახებ და რომელიც ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის დასტურია. GCF-ის მხარდაჭერით, ჩვენ დავამონტაჟეთ ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური აღჭურვილობა და მეწყრულ უბნებზე დავიწყეთ მონიტორინგი; ასევე, დავასრულეთ ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების რუკების შედგენა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის თქმით,  GCF-ის მიერ მიწის აღდგენის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსებისა და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით მხარდაჭერილი პროგრამები პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს სოფლის თემებს და მათ შეცვლილ კლიმატურ პირობებთან ადაპტაციაში დაეხმარება.

ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მნიშვნელოვნად ზრდის გარემოს დაცვის პროექტების მიმართულებით; ამავდროულად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომ უფრო ქმედითი გახდეს იმ ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებების შერბილებას.

თომას ერიქსონმა საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და მინისტრის მიერ დასმული აქცენტები დადებითად შეაფასა და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

Back to top button