მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ მოსახლეობას მიმართა და პატრიარქის განცხადებაზე ისაუბრა.
როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს, რადგან ჯერ კიდევ არსებობს საშიშროება იმისა, რომ არეულობა მოხდეს.
„რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს. ჯერ კიდევ არის დაძაბული ურთიერთობები ანუ საშიშროება იმისა, რომ არეულობა, გაურკვევლობა იყოს, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ მოუტანს სიკეთეს.
პირდაპირ მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივმართო, რომელიც არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და რომლისთვისაც პატრიარქი არის სულიერი მამა და მოძღვარი, ვინმე გეგულებათ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ პატრიარქზე უფრო მაღალი თანამდებობის, პატრიარქზე უფრო გამოცდილი, პატრიარქზე უფრო ბრძენი, სულიერი და ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი?
ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, ეს არის ლოცვა-კურთხევა პატრიარქისა, რომელსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა.
ადამიანები, რომლებიც ეკლესიებში დადიხართ, ეზიარებით კიდეც ალბათ… ადამიანები, რომლებიც ტაძრებს და მონასტრებს აშენებთ, ეხმარებით, აქამდეც ასე ყოფილა და შეიძლება ახლაც ასე აგრძელებთ, თუ თქვენთვის არ არის საკმარისი პატრიარქის მოწოდება, ლოცვა-კურთხევა და არ უნდა დაემორჩილოთ მას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, თუ გვიყვარს ქვეყანა, უნდა გვიღირდეს მშვიდობა და განვითარება.
პატრიარქზე მეტი ვინ უნდა იყოს, ვინც ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაცია უნდა გვითხრას ამ ორი ნების – აუცილებელია მაინცდამაინც ამერიკიდან, ევროპიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გვითხრან, რომ „თქვენ კარგი ხალხი ხართ, კარგად ჩაატარეთ ყველაფერი და ახლა გააგრძელეთ მშვიდობიანი ცხოვრება?“ – აცხადებს მიტროპოლიტი.