გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი თევზმომშენებელ მეურნეობას ეწვია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავასთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ერთ-ერთ უმსხვილეს თევზმომშენებელ მეურნეობაში „Georgian Fish & Caviar“ იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე თევზის წარმოებაში არსებულ გამოწვევები და აკვაკულტურის განვითარებისთვის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

„სახელმწიფო მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოში წარმოებულ თევზის საერთაშორისო ბაზარზე გატანას. აკვაკულტურის განვითარებისთვის ლაბორატორიული კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადგილობრივმა ფერმერებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ ლაბორატორიასთან, რათა შექმნან ჯანსაღი ქართული პროდუქტი. რეგიონულ დონეზე არსებული ძლიერი თევზმომშენებელი ფერმების არსებობა კი ხელს უწყობს ჯანსაღი პროდუქტის წარმოებას“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Back to top button