ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა ცვლილებები შეიტანა ქართული ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში და ზოგიერთი საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ახლა ამისგან შეთქმულების თეორიებსა და აპოკალიფსს წარმოაჩენს – ამის შესახებ პირველი კლასიკური გიმნაზიის პედაგოგი, მაკა სახურია სოციალური ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართული ლიტერატურის პროგრამაში პატრიოტული და ეროვნული თუ პიროვნული თავისუფლების იდეის მატარებელია ყველა ტექსტი.
„ამ პროგრამაში ისედაც ვერ ხვდებოდა უამრავი შედევრი ქართული მწერლობისა და ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ ეროვნული გამოცდის პროგრამით დაიპროგრამოს თავი და სხვა არაფერი წაიკითხოს. ცენზურასა და ლუკა ისარლოვის პოლიტიკაზე ლაპარაკი სასაცილოა. როცა “მგზავრის წერილებს” ასწავლი, მაგაზე პატრიოტული და ანტირუსული რა უნდა ასწავლო ბავშვებს? კარგია, რომ პროგრამა შემსუბუქდა. მეტისმეტად გადატვირთული იყო და ძლივს სტრესებით ასწრებდნენ ბავშვები პროგრამის გავლას. გული მხოლოდ “განდეგილსა” და “ბახტრიონზე” მწყდება, მაგრამ ეგრე ილიასა და ვაჟას კიდევ უამრავი პოემაა წასაკითხი და მხოლოდ საგამოცდო პროგრამას არ უნდა მივეჯაჭვოთ.
მე პირადად სკოლაში პროგრამის მიღმა უამრავ ქართულ და უცხოურ ტექსტს ვასწავლი და მკითხველის, ლიტერატურის მოყვარულის უნარ-ჩვევებს სულ ვავითარებთ. ასეა ყველა მასწავლებელი. პრეზიდენტმა დაწერა, აი, ქართველობას გვართმევენო. იქვე ტყულიც გამოურია. “ოთარაანთ ქვრივიც” ამოუღიათო. ჭიქაში ქარიშხალი არ ამოვარდება. ყველა დამშვიდდეს. წიგნიერება ვასწავლოთ ბავშვებს, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები ვასწავლოთ და ყველა აქტუალურ ტექსტს უჩვენოდაც წაიკითხავენ“ – წერს მაკა სახურია.