30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. „ქართული ოცნება” არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ამგვარ მცდელობას წარმატება ვერ ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ისინი კანონის შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს.
ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.
ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამართალდამცავებს, გმირ პოლიციელებს გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის. არ არის ადვილი სკამებს დახარბებული სამარცხვინო ავანტურისტებისგან – მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან – შეურაცხყოფის მოსმენა. მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ღირსებით შეასრულეს და სახელმწიფო დაიცვეს.
მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ უწყებებს სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის.
რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. მიზეზი ერთადერთი იყო – სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლის მიხედვითაც ისინი გუშინ მოქმედებდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რადიკალების ახირების გამო, სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და სამართალდამცავების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას.
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ პოლარიზაციაზე, როგორც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მთავარ პრობლემაზე. საუბარი არის ორმხრივ პოლარიზაციაზე, მაშინ, როდესაც, რეალურად, პოლარიზაციის წყარო ყოველთვის რადიკალები არიან, „ქართულ ოცნებას” კი, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის მოპასუხის როლში უწევს ხოლმე ყოფნა. დღეს ყველა ხედავს, რომ პოლარიზაციის მცდელობას ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე – ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი, რაც რადიკალების უსუსურ მცდელობას, არიონ ქვეყანა, კიდევ უფრო სწრაფად დაუსვამს საბოლოო წერტილს.
დღეს, როდესაც არჩევნები დასრულდა და 2024 წლამდე არავითარი არჩევნები აღარ იქნება, ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ახალი დღის წესრიგი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების, ადამიანების დასაქმების, უკეთესი სოციალური დაცვის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების, ქვეყნის გაძლიერებული საგარეო პოზიციების დღის წესრიგი.
ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დატოვოს საზოგადოებისთვის მომაბეზრებელი პოლიტიკური კინკლაობისა და ქაოსის იმიტაციის დღის წესრიგში, რასაც ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ. საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი რადიკალების კუთვნილი მედიასაშუალებების სტრატეგია – ისინი პერიოდულად ხელოვნურად ქმნიან გარკვეულ თემებსა და კლიშეებს და ცდილობენ, საზოგადოება ამ თემებისა და კლიშეების გავლენის ქვეშ აცხოვრონ.
ამგვარი თემა და კლიშე თავის დროზე იყო „უნიათო ხელისუფლება”, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ მოხსნეს დღის წესრიგიდან, რაც „ქართულმა ოცნებამ” წინა ხელისუფლებაზე სამჯერ მეტი გზა დააგო, სამჯერ მეტი გაზი გაიყვანა, სამჯერ მეტი ბაღი და სკოლა ააშენა, სამჯერ მეტ ადამიანს გაუწია ჯანდაცვის მომსახურება და ა.შ. ასეთივე თემა იყო ქვეყანაში „კრიმინალის თარეში”, ვიდრე არ გაირკვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგალითად, მკვლელობის მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა.
დღეს რადიკალების კუთვნილი პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, საზოგადოებას ამგვარ თემად სააკაშვილი და მისი პატიმრობა მოახვიონ თავს. ჩვენ რადიკალების ამ დღის წესრიგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავყვებით.
მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი. მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე – ეს არის შეგახსენებთ, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და მრავალი სხვა. შესაბამისად, სახელმწიფო მას მოეპყრობა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს. ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი, განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი და ჩვენ ამ დღის წესრიგს აუცილებლად შევქმნით” – განაცხადა კობახიძემ.