ცხოველთა სასაკლაოების და ფერმების ცხოველური ნარჩენების მართვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბიზნესსექტორთან გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ცხოველთა სასაკლაოების და ფერმების ნარჩენების მართვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები განიხილეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდნენ.

ყურადღება გამახვილდა არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

„ჩვენი მიზანია, ღიად ვიმსჯელოთ და სახელმწიფოს მხრიდან გამოინახოს გზები იმისათვის, რომ სასაკლაოები აკმაყოფილებდეს როგორც უვნებლობის დადგენილ სტანდარტებს, ასევე ნარჩენების მართვის არსებულ მოთხოვნებს. ამ მიმართულებით სამინისტრო ყველასთვის მისაღები მოდელის შექმნაზე მუშაობას გააგრძელებს”, -აღნიშნა კახა კაკაბაძემ.

სოლომონ პავლიაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაცია

გაგრძელდება.

„უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის ჩართულობა. ცხოველური ნარჩენების მართვა ერთ-ერთი რთული გამოწვევაა და კომპლექსური მიდგომა სჭირდება; საჭიროა ყველა ინსტიტუციის, კერძო სექტორის და დარგის სპეციალისტები ჩართულობა. კერძო სექტორს აქვს თავისი ვალდებულებები, ხოლო სახელმწიფო, თავის მხრივ, მზადაა შესთავაზოს სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამა, რომელთა შესახებ დღეს წარმოდგენილი იყო ინფორმაცია”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. განხილული იყო როგორც კანონმდებლობით, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული თანადაფინანსების პროგრამები.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები გიორგი იაკობაშვილი და ვასილ ბასილაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები.

Back to top button