„პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა ყველა საგარეო შოკს და საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართე რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის. 2021-2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2023 წელს კი რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.8% შეადგინა. მაღალი ეკონომიკური აქტივობა მიმდინარე წელსაც გრძელდება – იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 10% იყო. ჩვენი შეფასებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდა 9%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2025 წელს 6%-ს გაუტოლდება“ – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიება სახელწოდებით „საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ კახეთში გაიმართა, რომელშიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და განსაკუთრებით მაღალი წვლილით გამოირჩევა ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორები. მისი შეფასებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა შექმნის შესაძლებლობას, თანდათანობით შემცირდეს სხვაობა საქართველოსა და განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის.
პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ბოლო წლებში სიღარიბის, უმუშევრობის დონის შემცირებისა და დასაქმების ზრდის ტენდენციებს.
მისი განცხადებით, 2023 წელს უმუშევრობის დონე
16.4%-მდე შემცირდა, 2024 წლის სამ კვარტალში საშუალოდ 13.8% შეადგინა, ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა კი საშუალოდ 77 ათასით გაიზარდა. მინისტრის თქმით, 2023 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ისტორიულ მინიმუმამდე, 11.8%-მდე შემცირდა და მხოლოდ სამი წლის განმავლობაში 350 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად საქართველოში დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი – 2023 წელს ინფლაციამ 2.5% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბერში 1.3%-ს გაუტოლდა.
მინისტრის ინფორმაციით, 2024 წელს ინფლაცია კვლავ მიზნობრივ 3%-ს ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში დაუახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს.
„საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმისაწვდომობა ფინანსებზე. მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის მიხედვით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ყველა კომპონენტში. მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება ძალისხმევა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობის, არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისების და წარმოებისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის მიმართულებით“ – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის შესაძლებლობებისა და შეფარდებითი უპირატესობების ეფექტიანი გამოყენება, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას და ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას. ამ კუთხით მინისტრმა ხაზი გაუსვა ისეთ მსხვილ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყნის კონკურენტუნარიანობის თვისებრივ გაუმჯობესებას – მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თბილისის ახალი აეროპორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ინვესტიციები განახლებად ენერგიაში.
ლევან დავითაშვილმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რკინიგზის მოდერნიზაციის, პირველი ტექნოლოგიური ჰაბის, ევროკავშირთან შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე მიმოსვლის ხელშეწყობის, ინტერნეტიზაციის, გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების, შიდა აეროპორტების მშენებლობა-გაფართოებისა და სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.
„მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება მარეგულირებელი ფუნქციის მქონე გენერაციის პროექტების განვითარება – მომდევნო 4 წელიწადში დაგეგმილია 3 500 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის გენერაციის ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, ხოლო 2030 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 5 500 მეგავატს გადააჭარბებს,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.