ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის აღმასრულებელ და მმართველ დირექტორს კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ შამისის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო ლოგისტიკური მარშრუტის განვითარებას და ამ კუთხით თბილისის მშრალი პორტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება.

„თბილისის მშრალი პორტი წარმოადგენს თანამედროვე, ინტერმოდალურ ლოგისტიკურ ცენტრს – ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს.

აღინიშნა, რომ ის ფუნქციონირებას 2025 წელს დაიწყებს და შუა დერეფნის საშუალებით დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით დააკავშირებს. მშრალი პორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283 000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული.

აბუ-დაბის პორტების ჯგუფი თბილისის მშრალი პორტის 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორია, რომელიც ახალ ლოგისტიკურ ცენტრს მართავს. კომპანიამ თბილისის მშრალი პორტის პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რომლის მოცულობა პროექტის განვითარებასთან ერთად გაიზრდება.

კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ გამოთქვა საქართველოს მთავრობის ინტერესი აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით, მათ შორის სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Back to top button