
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა. შეხვედრა რუმინეთში, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ოთხმხრივი შეთანხმების მე-13 მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება კი რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებს, მათ სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმდინარე პროგრესს დაეთმო.
ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ელექტროგადამცემ სისტემებს დააკავშირებს და სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ენერგეტიკული კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ პროექტს უკვე მინიჭებული აქვს ევროკომისიის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, რაც მის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
მხარეებმა განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების პერსპექტივები და მისი მნიშვნელობა რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, რათა განავითაროს ეკონომიკურად მიმზიდველი და გარემოსთვის უსაფრთხო ენერგეტიკული პროექტები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე.