![](https://newspress.ge/wp-content/uploads/2025/02/1-15.jpg)
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთაველებს 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.
პრეზენტაციას, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარლამენტის ფრაქცია ,, ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების წევრები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვადასხვა პროფესიის რუსთაველები ესწრებოდნენ.
რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში შეკრებილ 1000-ზე მეტ სტუმარს, ნინო ლაცაბიძემ ის ინფრასტრუქტურული, სოციალური, ახალგაზრდული, სპორტული და კულტურული პროექტები გააცნო, რომლებიც 2025 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად არის განსაზღვრული.
,,საქართველოს პრემიერ მინისტრის მხარდაჭერით და მთავრობის გადაწყვეტილებით, 65,5 პროცენტით გაზრდილი ბიუჯეტი, რუსთაველებს, კიდევ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობების შექმნის საშუალებას გვაძლევს. 2025 წელი, რომლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციც, რუსთავის მერიის გუნდთან ერთად დღეს წარვადგინეთ, მასშტაბური პროექტებით იქნება დატვირთული. ყველა პროექტი 2025 წელს დაიწყება და ჩვენს ქალაქს, კიდევ უფრო ლამაზს და კომფორტულს გახდის თითოეული რუსთაველისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, საპარლამენტო გუნდს, ჩვენს რუსთაველ პარლამენტარებს, რომლებიც ამ პროექტის დაგეგმვაში და განხორციელებაში არიან ჩართულები, სახელმწიფო რწმუნებულს ქვემო ქართლში, მერიის და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” გუნდს, იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომლის შედეგსაც რუსთაველები ერთად ვხედავთ.
ჩვენ რუსთაველებთან ერთად ვქმნით ნამდვილ ევროპულ ქალაქს, რომელიც რუსთავის დიდ ისტორიას ღირსეულად გააგრძელებს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტი 176 406 500 ლარითაა განსაზღვრული. მიმდინარე წელს რუსთავში 79 804 500 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყება. ,,ნამდვილად შთამბეჭდავია ის, რაც რუსთავში უკვე გაკეთდა და მიმდინარე წლისთვის დაიგეგმა. 2025 წელს მართლაც არ დარჩება ქალაქის ცხოვრების არცერთი სფერო და უბანი, რომელსაც თავისი წილი ყურადღება არ მიექცევა. ეს არის ინფრასტრუქტურა, მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, განათლება, სოციალური პოლიტიკა, კულტურა. შთამბეჭდავია ის, რომ როდესაც ქალაქის მერად ნინო ლაცაბიძე იქნა არჩეული, მაშინ რუსთავის ბიუჯეტი 74 მილიონი ლარი იყო, წელს კი უკვე 176 მილიონ ლარზე მეტია.
მთავარია, ამ ბიუჯეტის ხარისხიანი და სრული ათვისება ხდება. ეს რა თქმა უნდა, ქალაქის მერის, მერიის გუნდის და რუსთაველების ერთსულოვნების დამსახურებაა”, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. წარმოდგენილი პროექტების განხორციელება 2025 წელსვე დასრულდება, დაგეგმილია გარდამავალი პროექტებიც. ,,დღეს ყველა ერთად გავეცანით 2025 წლის გეგმას, რომელიც საკმაოდ ამბიციურია. პრეზენტაციაში წარმოდგენილი პროექტები, თითოეული რუსთაველის სურვილზე და საჭიროებაზეა მორგებული. ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ ქალაქების და რეგიონების განვითარება. ამის საუკეთესო მაგალითია რუსთავი, რომელიც დღეს ძალიან სწორად იმართება და ვითარდება. რომ არა ცენტრალური ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა და საპარლამენტო გუნდის ჩართულობა, ჩვენ ნამდვილად გაგვიჭირდებოდა თითოეული ამ პროექტის განხორციელება”, – განაცხადა რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.
2025 წლის სამოქმედო გეგმით პრიორიტეტულია განათლების ხელშეწყობის, კულტურული და ახალგაზრდული პროექტებიც, იგეგმება ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, გაგრძელდება მუნიციპალური სერვისების რეფორმაც. დაგეგმილია თბილისის და მესხიშვილის სახელობის ქუჩების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში გაგრძელდება რუსთაველის ქუჩის რესტავრაცია, პრიორიტეტად დარჩება შიდა საუბნო გზების და სივრცეების მოწყობა, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია. გაიხსნება ახალი ახალგაზრდული ცენტრი და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია, უკვე დაწყებულია ძველი კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია, სადაც თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია გაიხსნება, დაიწყება ათწლეულების ეკოლოგიური პროექტი, რომელიც რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანებას ითვალისწინებს.