მიხეილ ყაველაშვილი: მე მჯერა ევროპული ღირებულებების და არა ბრიუსელის ბიუროკრატების

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ერთ-ერთ ფრანგულ მედიასაშუალებასთან ისაუბრა. ინტერვიუში საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესსაც. პრეზიდენტმა განმარტა, რომ ევროპული გზა საქართველოს მკაფიო არჩევანია.

მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით საქართველოს წინაშე დგას.

„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეიცვლება ამერიკის ადმინისტრაციის უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მისი [ტრამპის] მოსვლა გავლენას მოახდენს ევროკავშირის ურთიერთობებზე საქართველოსთან მიმართებით. სასაცილოა ზოგიერთი ლიბერალური ლიდერის ქცევა, რომლებიც ახლა ტრამპის სულისკვეთებას ერგებიან… ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და შეგახსენებთ, რომ ეს ზეწოლა საქართველოზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. ქართველმა ხალხმა თავისი დიდი გონიერებით მხარი დაგვიჭირა იმ გზაზე, რომელიც ავირჩიეთ მშვიდობის დასაცავად. დღეს ჩვენი პოზიცია ნათელია: ეს ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს.

ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ჩვენ მოგვიწოდებდნენ, შევერთებულიყავით სანქციებს, გაგვეგზავნა მოხალისეები და დაგვეჭირა მხარი ომისთვის, მაშინ, როცა არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრები არ ვართ. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენ მარტო გვტოვებდნენ ბირთვული ძალის წინაშე, დაპირებებით: „მიდით, ჩვენ იარაღს მოგაწვდით…”.

მე მჯერა ევროპული ღირებულებების და არა ბრიუსელის ბიუროკრატების. გავბედავ იმის თქმას, რომ საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს. სწორედ ამგვარად ემთხვევა დონალდ ტრამპის შეხედულებები მოქმედი მთავრობის პოზიციებს. ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოწყობილი ეს დევნა არ წარმოადგენს ნამდვილ ევროპას, რომელიც ჩემს თვალში ნიშნავს განსხვავებულ მოსაზრებებსა და ფაქტების გადამოწმებას. ეს სრულიად საპირისპიროა იმ გადაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც აკრძალეს ევროპაში შესვლა ქართული დიპლომატიური პასპორტებით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

Back to top button