
საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.
2024 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 614 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 4.4% შეადგინა, რაც ისტორიულად ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. წინა წელთან შედარებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.
მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება მეტწილად მომსახურების ბალანსის გაუმჯობესებამ განაპირობა. კერძოდ, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 7.3%-ით გაიზარდა. ასევე, კვლავ მაღალი ტემპით იზრდება ებ ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები და 2024 წელს წინა წელთან შედარებით, 16.1 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 6.6 პროცენტით გაიზარდა და 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის დეფიციტი პროცენტულად მშპ-თან 0.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 6.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 6.3 პროცენტით გაიზარდა. მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2024 წლის მდგომარეობით მშპ-თან 3.9 პროცენტს შეადგენს. წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში. ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია“, შესაბამისად.