
საქართველო ძალიან ტრადიციულ ქვეყნად რჩება და ამავე დროს, დასავლეთიდან ყველაფერი კარგის და განვითარების მომტანის მიღების მოსურნედ, – ასე უპასუხა პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა კონსერვატიული პორტალ geo-first.com-ის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ სად ხედავს საქართველოს იმ ახალ მსოფლიო რეალობაში, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ იქმნება.
გიგინეიშვილის თქმით, საქართველო, რომელიც ტრადიციულ ევროპულ ცივილიზაციას მიაკუთვნებს თავს და ქრისტიანულ-განმანათლებლურ ტრადიციას ეფუძნება, სიჯანსაღის კუნძულად შეიძლება გამოჩნდეს დღევანდელი ცრუ-ლიბერალიზმით ძლიერ დაზიანებული დასავლეთისთვის.
„ჩვენი მისწრაფება ევროპისადმი, ვფიქრობ, კვლავ ილიას და თერგდალეულების დადებულ საფუძველზე დგას: ანუ, ევროპა ცოცხალი სამეცნიერო და ფილოსოფიური აზრის, სოციო-პოლიტიკური პროგრესის, პიროვნების დაფასების და მისი პირადი სივრცის ხელშეუხებლობის დაცვის და ა.შ. ილიასეული ევროპა არ არის მოწყვეტილი ქრისტიანულ ფესვებს და ილიასთვის ევროპული განმანათლებლობაც ქრისტიანულ საფუძველზე დგას (თავად ილიას მთავარ კრიტერიუმად სახარების მცნებები აქვს აღებული − „ცნებისა ნათლით ზე-აღზიდულ, ამაღლებული ჭკუით განჭვრეტდეს საზოგადო ცხოვრების დენას“ − და ევროპაში მიმდინარე ძვრებსაც ამ კრიტერიუმით აფასებს, ამიტომ აპრიორი სიკეთედ არ იღებს ყველაფერს და აკრიტიკებს კიდეც), ყოველ შემთხვევაში, მასთან დაპირისპირებული მაინც არაა. დღევანდელ პოსტმოდერნულ დასავლეთზე იმავეს თავისუფლად თქმა გაგვიჭირდება, რადგან, ვფიქრობ, ქრისტიანობა თავისთავად, ლოგიკურად ეწინააღმდეგება პოსტმოდერნიზმს, რადგან პოსტმოდერნიზმს თავისი მსოფლმხედველობრივი პოზიცია − „განსხვავებულობის დღესასწაულობა“ − კვაზირელიგიური დოგმის დონემდე აჰყავს და ეს არ შეიძლება არ მოვიდეს კონფლიქტში ქრისტიანობასთან, რომელიც რელიგიურ დოგმას ითვალისწინებს. საქართველო, რომელიც ტრადიციულ ევროპულ ცივილიზაციას მიაკუთვნებს თავს და ქრისტიანულ-განმანათლებლურ ტრადიციას ეფუძნება, ვფიქრობ, სიჯანსაღის კუნძულად შეიძლება გამოჩნდეს დღევანდელი ცრუ-ლიბერალიზმით ძლიერ დაზიანებული დასავლეთისთვის, რა ცრუ-ლიბერალიზმსაც თავად საკმაოდ ძლიერი დასავლელი მოაზროვნეები, როგორებიც რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი როჯერ სკრუტონი, ჯორდან პიტერსონი, ეპისკოპოსი რობერტ ბარონი ა.შ. ასე დამაჯერებლად და არგუმენტირებულად ამხელენ,“- განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.