
რატი იონათამიშვილი მიხაელ გალერის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური კანიბალიზმი და მოროდიორობა, რომლის უკანაც “დიფ სთეითი” დგას.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის მიერ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომლის თქმითაც „თუ არ მეშლება, ივანიშვილი, ასევე, საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა იქნეს მიღებული“.
როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, გალერის განცხადება არის პოლიტიკური კანიბალიზმი და მოროდიორობა, რომლის უკანაც „დიფ სთეითი“ დგას.
„ეს არის პოლიტიკური კანიბალიზმი და მოროდიორობა, რომლის უკანაც „დიფ სთეითი“ დგას. ბატონი გალერი რომ არის დიფ სთეითის სპიკერი, ეს უკვე მათი ძალიან სერიოზული ტრაგედიაა, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც ჩანს ამ ადამიანებს ძალიან მოხვდათ ის, რომ საბჭოთა კავშირს შევადარეთ და ეს სიმართლეც არის, ვინაიდან მათი მენტალიტეტი არ ცდება საბჭოთა მენტალიტეტს და ისინი, როგორც ჩანს, ჩეკისტების სახელმძღვანელოებით მოქმედებენ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი ზუსტად 9 აპრილს დამარცხდა საქართველოში და „დიფ სთეითიც“ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არის დამარცხებული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.