
როდესაც დადგა მომენტი და სააკაშვილს რეალურად დაუპირისპირდა მისი ყოფილი თანაგუნდელი ნინო ბურჯანაძე, რომელიც იმ მომენტში არ განეკუთვნებოდა სააკაშვილის პატრონების მართულ პოლიტიკურ ელიტას და არ იჯდა უცხოეთში დაწერილ სცენარში – მას სწორედ ეგრეთ წოდებული კრიტიკული მედიები, „მაესტრო“ და „კავკასია“ დაუპირისპირეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
მათივე ცნობით, სააკაშვილს იმ მომენტში სჭირდებოდა „სახალხო კრების“ დისკრედიტაცია, რაც იმ დროს ირაკლი ოქრუაშვილის მიერ კონტროლირებადმა „მაესტრომ“ აიღო თავზე.
„სააკაშვილს იმ მომენტში სასწრაფოდ სჭირდებოდა მისი პატრონების კონტროლს მიღმა შექმნილი ოპოზიციური გაერთიანების, „სახალხო კრების“ დისკრედიტაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ღიად რეჟიმის მხარდამჭერი მედიები ამას ნაკლებად მოახერხებდნენ, საქმეში სწორედ ფსევდოკრიტიკული ტელევიზიები ჩართეს, ჯერ „სახალხო კრების“ აქციების გაშუქება შეწყვიტეს, ხოლო შემდეგ პოლიტიკური გაერთიანების დისკრედიტაციის მიზნით, აწ უკვე საკუთარ ბუნებრივ ადგილას ანუ სააკაშვილის წიაღში დაბრუნებული ირაკლი ოქრუაშვილის მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია „მაესტრომ,“ სიბინძურესა და ტყუილებზე აგებული რეპორტაჟების მომზადება და გავრცელება საკუთარ თავზე აიღო.
მაშინ, ქალბატონი ბურჯანაძე აცხადებდა: „მაესტროს“ შეკითხვებმა „რეალTV“-ისა და სახელისუფლებო ტელევიზიების კითხვებს გადაასწრო. მივმართავ „მაესტროს“ ჟურნალისტებს, რომ გაიგონ თუ რატომ აღარ გადაიცემა პირდაპირ ეთერში საპროტესტო აქციები“.
გარედან დაწერილი ამ სცენარის ერთადერთი მიზანი მათ მიერ არაკონტროლირებადი პოლიტიკური გაერთიანების მაქსიმალური დისკრედიტაცია იყო იმ საზოგადოების თვალში, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილ მედიებს ადევნებდნენ თვალს. რეჟიმის პატრონებმა დაინახეს საფრთხე, რომ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში მათი კონტროლს მიღმა მყოფი პოლიტიკური გაერთიანების სატელევიზიო გაშუქებას შესაძლოა საპროტესტო ტალღა გაეღვივებინა, რაც არათუ ჩაახშვეს, არამედ ფსევდოკრიტიკული მედიის ხელით მათი დისკრედიტაციაც მოახდინეს“ – წერს საზოგადოებრივი მოძრაობა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა საქართველოს ინტერესების დამცველი, იმდროინდელი ოპოზიციის დიდი ნაწილიც არ იყო ხელისუფლების რეალური ოპონენტი, არც ე.წ. კრიტიკული მედია იყო ჭეშმარიტად კრიტიკული და ისინი კრიმინალურ რეჟიმზე აფარებული ლეღვის ფოთლები იყვნენ.
„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ როგორც სააკაშვილი არასოდეს ყოფილა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ასევე არ ყოფილან უსუფაშვილი/ხიდაშელი/თარგამაძე და იმდროინდელი ოპოზიციის დიდი ნაწილი ხელისუფლების რეალური ოპონენტები და არც ეგრეთ წოდებული კრიტიკული მედია ყოფილა ჭეშმარიტად კრიტიკული. მათი დიდი ნაწილი, კრიმინალური რეჟიმის ფასადურ დემოკრატიას აფარებული ლეღვის ფოთოლი იყო.
საზოგადოება ხედავს, რომ იმ პერიოდში რეჟიმთან დაპირისპირებული პარტიებიდან თუ ცალკეული პოლიტიკოსებიდან მხოლოდ რამდენიმეა, ვინც დღესაც მათ წინააღმდეგ და შესაბამისად საქართველოს ინტერესების მხარეს დგას, ვინც არ აღმოჩნდა სხვადასხვა დროს შექმნილ „ფანჩატურში“.
ის ნაწილი კი, რომელიც იმთავითვე „ფსევდოოპოზიციად“ შეიქმნა, დღეს კვლავ ნაცმოძრაობის გვერდით დგას, რაც ადასტურებს, რომ მათ ერთი პატრონი ჰყავდათ და ჰყავთ, რომელიც გასცემს დავალებებს და აღნიშნულ ჯგუფებს, ჩვენს ქვეყანაში, საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს. თუმცა, მათდა საუბედუროდ, ქართველმა ხალხმა ეს „პოლიტიკური განტოლება“ წარმატებით ამოხსნა და ჩვენი საზოგადოების მოტყუება აგენტურას აღარ გამოუვა“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ავრცელებს.