აჭარაში „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ტიტე აროშიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგზე, ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს წევრის – ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება:
„შეთითხნილი ე.წ. მტკიცებულებების სერიით გრძელდება ბრალდებები. “ნაციონალების” მხრიდან გავრცელდა გაურკვეველი აუდიოჩანაწერი, რომელშიც არც შინაარსი იკვეთება, არც პიროვნებებია იდენტიციცირებული, არც ავთენტურობაა დამტკიცებული.
” ნაციონალური მოძრაობა” თავისი ხელწერის სხვაზე გადაბრალებას უნიჭოდ ცდილობს. რთულია იმაზე კომენტარის გაკეთება, რაც არ არსებობს. თქვენ, მედიის წარმომადგენლებიც, ითხოვთ კომენტარს “ნაცმოძრაობის” ინტერპრეტაციაზე და არა იმაზე, რასაც მოუსმინეთ, იმიტომ რომ იმ ჩანაწერით შეუძლებელია რამე რაციონალური დააკვნის გაკეთება.
მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ჩანაწერების ავთენტურობა. ამასთან, ჩანაწერებში არ ისმის რაზეა საუბარი. პირებს, რომლებიც ჩანან ჩანაწერებში, არანაირი შემხებლობა არა აქვთ პარტია „ქართული ოცნების” ბათუმის ოფისთან და არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ და სიმართლე აუცილებლად დადგინდება.
ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და შემიძლია განვაცხადო, რომ არც თორნიკე რიჟვაძეს, არც მის ოჯახს მსგავს საქმესთან არანაირი შეხება არ აქვთ.
სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მიეჩვივნენ ცილისწამებას და ამ ბინძური კამპანიის ფარგლებში ადამიანის სიცოცხლით მანიპულირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,” – აცხადებს ტიტე აროშიძე.