ირაკლი მეზურნიშვილი: ჩვენ უკვე ავირჩიეთ ეს პოლიტიკა, ჩვენ ვართ ღია ქვეყანა და მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით სხვა ქვეყნებს, რომ ბიზნესები გახსნან

ჩვენთვის, დივერსიფიკაციაზე რომ ვსაუბრობთ, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მაქსიმალურად გადანაწილებული და მაქსიმალურად ბევრი ქვეყანა წარმოდგენილი, ბევრი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს ჩვენ ქვეყანაში, რათა საბოლოო ჯამში ჩვენ შევკრათ ისეთი სურათი, რომ ყველა ამ ქვეყნის ინტერესი იყოს ის, რომ საქართველოში არასდროს არავინ არ გაისროლოს, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა, „პოს ტვ“-ის ეთერში განაცხადა.

„ანაკლიის პორტში იქნება ძალიან ბევრი ოპერატორი, სხვადასხვა ქვეყნის. კი ვამბობთ ჩვენ, რომ დაუშვათ ეს პორტი, რა თქმა უნდა, თავშივე არის გამიზნული იმისთვის და გათვლილი იმისთვის, რომ ძირითადად, ჩინური ტვირთები გამოვიდეს, გაატაროს და უერთდება და მიუერთდება, მაგრამ ამაში არაფერი არ არის ცუდი, ჩვეულებრივად, ჩინური ტვირთები წამოვა, გავა ევროპაში და ასევე, სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული, ვისაც მოუნდება იქ ოპერირება, სხვადასხვა ოპერატორებიც იქნება, სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები, აზერბაიჯანიც“, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ უკვე აირჩია პოლიტიკა, რომ იყოს ღია ქვეყანა, მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას სხვა ქვეყნებს, იმისთვის, რომ გახსნან ბიზნესები. მისივე თქმით, ანაკლიის პორტი ფანტასტიკური შესაძლებლობაა ჩინეთისთვისაც და ევროპელებისთვისაც.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციებზე, რა თქმა უნდა ჩვენს ინტერესებშია, რომ ევროპული კომპანიებიც შემოვიდნენ, ამერიკული კომპანიებიც შემოვიდნენ. აუცილებლად შემოვლენ, მეტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვჭირდება ჩვენ. ჩვენ უკვე ავირჩიეთ ეს პოლიტიკა, რომ ჩვენ ვართ ღია ქვეყანა, ჩვენ მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით სხვა ქვეყნებს, იმისთვის, რომ გახსნან ბიზნესები და ოპერირება, წარმოებები და ა.შ. და ისარგებლონ იმ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს. ახლა ვუბრუნდები ისევ ჩინეთს, ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა ევროპელებისთვისაც, ჩინეთი და ევროპა პირდაპირ დღეს ამ სატარიფო ომების პირობებში ვერ ვაჭრობენ, პირდაპირ ვთქვათ. ძალიან ბევრი საწარმოს გადმოტანა შეიძლება საქართველოში ე.წ. „made in Georgia”-ს სერტიფიკატის აღებით. ეს აწყობს ევროპასაც და ჩინეთსაც“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

Back to top button