
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 7 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უკანონო სახერხი საამქროები დალუქულია კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
მოქალაქეებს ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები, საკარმიდამო ეზოებში მოწყობილი ჰქონდათ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეროში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანებელში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონიაში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გუბში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მზეთამზესა და ჭობისხევში.
ახმეტაში, ბორჯომსა და ქარელში დალუქული უკანონო სახერხი საამქროების მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე – ჯამში 46 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან შვიდივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.