ალექსანდრე წულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ალექსანდრე წულაძემ დელეგაციის წევრებთან აზერბაიჯანულენოვანი სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესში ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტების ჩართულობის საკითხი განიხილა. აზერბაიჯანული მხარე აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ანარ ისკანდაროვი, თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი და ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ისმაილოვი შედიან, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი,  საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კამალ ხალილოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი რამიზ ჰაჯიზადა.

Back to top button