პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურმა ბრალდებულს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ის არ დაემორჩილა და მანდატურებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი თავს დაესხა ერთ-ერთ მანდატურს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 20 ივნისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით (საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Back to top button