
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აშშ-ის ყოფილი ელჩის, რობინ დანიგანის, მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება.
ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს და აშშ-ის შორის დაწყებულია ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი, შესაბამისად რჩება განცდა, რომ ამ ინტერვიუთი ყოფილი ელჩის მხრიდან არის მცდელობა, რომ შემდეგ „ქართული ოცნებიდან“ ვიღაცას დააბრალონ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შეფერხება.
„სანამ პასუხს გაგცემთ საზოგადოებამ რომ იცოდეს რა პროცესში ვართ. ნამდვილად გამიკვირდა მე ამ ინტერვიუს მოსმენა დღეს, იმიტომ რომ სად ვიმყოფებით ჩვენ, რა პროცესში ვართ?- ჩვენ ვართ ძალიან ფაქიზ, ფრთხილ პროცესში, რომელსაც ჰქვია ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა. საზოგადოება ხედავს, რომ ქართული მხარე ძალიან ყურადღებით, ფრთხილად ვეკიდებით, თითოეულ სიტყვას ვზომავთ, რომ რაღაც ამ პროცესში ჩვენი ზედმეტი შეფასებით, თუ ნაკლები შეფასებით, არ დავაზიანოთ ამ ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი. აი ამის ფონზე უცბად, ცა მოწმენდილზე, ჩვენ ვხედავთ და გვესმის აშშ-ის ყოფილი ელჩის მსგავსი განცხადება, საკმაოდ ხისტი შეფასებები.
რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმები ვერც ერთ ამ შეფასებაში, მაგრამ ჩვენ ფაქტად ვხედავთ ასეთ ხისტ შეფასებას. თან საიდან, რა მედია საშუალებიდან. მედია საშუალებიდან, რომელიც აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დახურა. დახურა იმის გამო, რომ არ ენდობოდა და ეძახდა პროპაგანდის მანქანას. ამ ტიპის მედია საშუალებისგან უცბად, არანაირი მოლოდინი რომ არ გვაქვს, ვისმენთ ყოფილი ელჩის მსგავსი ტიპის განცხადებებს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილად ვართ და არ შევყევით სათითაოდ ამ დისკუსიაში, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ეს ურთიერთობები არ დავაზიანოთ.
რატომღაც გვაქვს განცდა, რომ ამ ინტერვიუთი არის მცდელობა, რომ წამოგვიკიდონ ამ პროცესში, რომ შემდეგ ჩვენი მხრიდან ვიღაცას დააბრალონ ურთიერთობების გადატვირთვის შეფერხება. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით ყოფილ ელჩს, რომ სიფრთხილით მოეკიდოს თავის თითოეულ სიტყვას, ამიტომ დეტალებში არ შევალ“,-განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მახაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ იმიტომ განაცხადა დანიგანთან შეხვედრაზე უარი, რომ პირადი და სახელმწიფო ინტერესის ერთგვარი შეზელა არ გამხდარიყო შანტაჟის მცდელობის საშუალება მათი მხრიდან.
„თუ საერთოდ ინტერვიუ იყო მოულოდნელი, მითუმეტეს ეს მინიშნება, ეს ფრაზა იყო სრულიად მოულოდნელი. იმიტომ რომ, ხანდახან გვიჩნდება განცდა, რომ ან არ უთარგმნიან ნორმალურად თუ რა დაწერა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე, თუ რა განცხადება გააკეთა და როგორ განმარტა თავისი უარი.
სიტუაცია არის ძალიან მარტივი, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი არის სანქცირებული ამერიკის წინა ხელისუფლების მხრიდან და ბუნებრივია, ნებისმიერ საუბარში, ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა სანამ ეს არასამართლიანი სანქციები ძალაშია, იქნებოდა პირდაპირ შანტაჟის მცდელობა და ერთმანეთში შეზელა, ასე ვთქვათ, პირადი და სახელმწიფო ურთიერთობების. ამიტომ განაცხადა ძალიან მკაფიოდ, რომ მოდი რაღაც კითხვა რომ არ გაჩნდეს, ზედმეტი გაუგებრობა, არასწორი ინტერპრეტაციები რომ არ მოჰყვეს, აგერ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრივ საქმეებში აბსოლუტურად ყველაფერში ჩართული და ყველა დეტალზე თავად იღებს გადაწყვეტილებას და აგერ, თუ ქვეყნის საქმეზე გაინტერესებთ საუბარი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გთხოვთ მას დაელაპარაკეთ.
ამიტომ სრულიად გაუგებარია ამ ტიპის ინტერპრეტაციების მიცემა ყოფილი ელჩის მხრიდან და კიდევ ერთხელ ჩვენ გვიჩნდება განცდა, რომ ერთგვარად ხდება ყინულის გალღობის პროცესის ხელშეშლა, რასაც ჰქვია საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის ხელშეშლა. იცით, რომ ჩვენ ახალი ელჩი დავნიშნეთ, აშშ-იც ამ პროცესში ნელ-ნელა ერთვება, რომ მანაც ახალი ელჩი დანიშნოს და რაღაცნაირად ვიპოვოთ საერთო გადაკვეთის წერტილები და როგორც ჩანს ზოგ-ზოგიერთებს ეს პროცესი არ მოსწონთ. ასე მოულოდნელად მსგავსი ტიპის ხისტი შეფასებების გაკეთება ამ მედიასაშუალებიდან და ყოფილი ელჩისგან სხვა განცდას, სხვა პოზიციას ჩვენ არ გვიტოვებს. გარდა იმისა, რომ ვიფიქროთ , რომ არის მცდელობა მოახდინონ ხელშეშლა ამ ურთიერთობების გადატვირთვის“- განაცხადა ლევან მახაშვილმა.