
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური მიმართულებით არსებულ დინამიკას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. აღინიშნა ის ტენდენციები, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს, მათ შორისაა ორმხრივი ვაჭრობა – 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 პროცენტით მეტია. ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი – 2024 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა დიდ ბრიტანეთში 43 პროცენტით მოიმატა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2024 წელს დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს ეკონომიკაში 448 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის. მისი თქმით, ორი ქვეყნის მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ კერძო სექტორს, რათა მათ მეტად გაიცნონ ერთმანეთი და ერთობლივი პროექტები განახორციელონ. ამ მხრივ, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების მეტად გამართვის მნიშვნელობაზე. ასევე ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2025 წლის დასაწყისში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირველი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე და აღნიშნა, რომ „ბრიტანეთის ავიახაზების” და „იზიჯეტის” საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლამ ახალი ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორში. მისი თქმით, 2025 წლის ორ კვარტალში საქართველოს დიდი ბრიტანეთიდან 26 პროცენტით მეტი ვიზიტორი ეწვია.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და სხვ. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აღნიშნული პროექტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათ უდიდესი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ საართველოს რეგიონულ სატრანსპორტო – ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სისტემებში ინტეგრაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები.