„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს: საქართველოს როლი „შუა დერეფნის“ განვითარებაში და გლობალური პარტნიორობის ხაზგასმა

„ქართული ოცნების“ მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, რომელიც სტრატეგიულ შეხვედრებს ატარებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური საბჭოს წევრი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პოლიტიკოსებმა მრავალსექტორული შეხვედრები გამართეს ჩინეთის მმართველ პარტიასთან, ჩინეთის სახალხო კონგრესთან, განათლების სამინისტროს ენებისა და განათლების თანამშრომლობის ცენტრთან (CLEC), ჩინეთის სავაჭრო პალატასთან(CCTIP), შენჟენის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებთან.

საქართველო განიხილება, როგორც გეოსტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო „შუა დერეფნის“ – მთავარ ქსელურ კვანძს.

ტრანზიტული ინფრასტრუქტურის ფუნქციური მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის შემდეგ, რაც გამოიხატა ტვირთბრუნვის 30 პროცენტიანი ზრდით. ევროკავშირის ოფიციალური პოზიციები ადასტურებს რეგიონული თანამშრომლობის საერთაშორისო მნიშვნელობას.

ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს ევროპულ ბაზრებთან დაკავშირების ალტერნატიული მექანიზმის ფორმირების კომპონენტს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ჩრდილოეთი სატრანსპორტო არხების ფუნქციონირების შეზღუდვების გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

ვიზიტის ძირითად მიზნებს შორისაა პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის სოციო-ეკონომიკურ ინტერესს და საქართველოს მზადყოფნას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შეასრულოს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი როლი.

საქართველოს, როგორც ტრანზიტული სახელმწიფოს შესაძლებლობები ხაზს უსვამს მის სისტემურ მნიშვნელობას ევრაზიული ვაჭრობის ახალ კონფიგურაციაში, სადაც უზრუნველყოფილია 2.3 მილიარდ მომხმარებლის ბაზართან წვდომა თავისუფალი ვაჭრობის მრავალმხრივი შეთანხმებების ინსტრუმენტების მეშვეობით.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის განცხადებით: „შუა დერეფნის მნიშვნელობაზე დიდი ხანია, საუბრობენ, მაგრამ დღეს ეს თემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველასთვის – როგორც აღმოსავლეთისთვის, ასევე დასავლეთისთვის – და ამ ორი ბაზრის დაკავშირება ვერ მოხდება შუა დერეფნის გარეშე“.

ვოლსკი ასევე აღნიშნავს: „საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შეესაბამება ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარებისთვის საჭირო სტანდარტს და საქართველოს მეშვეობით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, რაც უპირველესად პოზიტიურად აისახება ქართველი ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე“.

 

Back to top button