
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.
ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ნარჩენების მართვის მიმართულებით მიაღწია როგორც პოლიტიკურ, ისე საკანონმდებლო დონეზე. მისი თქმით, ქვეყანამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირ–საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ეროვნული ნარჩენების სტრატეგიის შემუშავებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ეტაპობრივი დანერგვის მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა ნარჩენების ეფექტიანი სეპარაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ამ პროცესში ინვესტიციების აუცილებლობაზე.
„საქართველო, სხვა ქვეყნების მსგავსად, ვალდებულია შეამციროს პლასტიკით გარემოს დაბინძურება, რომელიც სარგებლის მომტანი იქნება როგორც გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ასევე ეკონომიკური საქმიანობების წახალისებისთვის. თუმცა, საჭიროა ერთობლივი მუშაობა სტრუქტურული, ფინანსური და ინსტიტუციური ბარიერების დასაძლევად. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციას, საჭიროა მოიცავდეს მძლავრი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს დანერგონ ნარჩენების მართვის ახალი მიდგომები, გააუმჯობესონ ნარჩენების მართვის არსებული ინფრასტრუქტურა და დანერგონ ახალი ტექნოლოგიები”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ბიზნესსექტორის ჩართულობით, ეტაპობრივად ინერგება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა სხვადასხვა სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების მიმართულებით.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს განსაზღვრული მდგრადი განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკა. ჩვენი სტრატეგიული ხედვის ნაწილია მწვანე ზრდის ხელშეწყობა, ევროკავშირთან დაახლოებისა და ინკლუზიური განვითარებისათვის. ჩვენ მას ვხედავთ როგორც შესაძლებლობას მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ნედლეულზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ადგილობრივი მეწარმეების გასაძლიერებლად და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის“, – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ჟენევაში გამართული მინისტერიალის მიზანი იყო პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ ეროვნული მიღწევებისა და გამოწვევების განხილვა, გამოცდილების გაზიარება, ინვესტიციების მოზიდვა და ეროვნული პოლიტიკისა და მიდგომების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა.
მინისტერიალში, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და შვეიცარიის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა, მონაწილეობდნენ 100-მდე ქვეყნის მინისტრები და მაღალი დონის წარმომადგენლები, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ინგერ ანდერსენი და ევროკომისარი გარემოს დაცვის საკითხებში ჯესიკა როზვალი.