საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფიბა ევროპის პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფიბა ევროპის პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი კალათბურთში 16-წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს შეეხო, რომელიც თბილისში ტარდება.

მიხეილ ყაველაშვილმა ფიბა ევროპის პრეზიდენტს საქართველოსთვის ნდობის გამოცხადებისა და პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობის უფლების მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

„დიდად ვაფასებთ ქართული კალათბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის ფიბას მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და ძალისხმევას. ჩვენ გვჯერა, რომ ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა არის ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ტურნირი საქართველოში კალათბურთის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

 

Back to top button