გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 300-მდე ახალგაზრდას სთავაზობს, გასულ წელს კი 60-მდე სტაჟიორიდან დაახლოებით 20 სამინისტროში დასაქმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 300-მდე ახალგაზრდას შესთავაზებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, უწყებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია დეფიციტური სპეციალობები – ჰიდროლოგია, გეოლოგია, სურსათის უვნებლობა და ვეტერინარია.

„პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივად სჭირდება დეფიციტური მიმართულების სპეციალისტები, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და შემდგომში დასაქმდნენ ჩვენს სისტემაში“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

გასულ წელს, ანალოგიური პროგრამის ფარგლებში, სამინისტროში სტაჟირება 60-მდე ახალგაზრდამ გაიარა, მათგან კი დაახლოებით 20 უკვე სამინისტროს სისტემაში მუშაობს.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2025 წლის 1-10 სექტემბრის პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე – www.hr.gov.ge. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე – userhr@gov.ge.

Back to top button