
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილე თამარ მახარაშვილთან ერთად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი წარუდგინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დიდ როლს ასრულებს ზოგადი განათლების რეფორმის განხორციელებასა და დასახული მიზნების მიღწევის საქმეში. შესაბამისად, ცენტრის კვალიფიციური, პროფესიონალი კადრებით უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ზოგადი განათლების განვითარება და რეფორმა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პედაგოგები ახალგაზრდა თაობების აღზრდით, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მასწავლებლების კომპეტენციის ზრდა და მათი პროფესიული წინსვლის მხარდაჭერა დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავია – ცენტრი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ვთვლი, რომ ახალ ხელმძღვანელს მართლაც გამორჩეული გამოცდილება აქვს – მას განვლილი აქვს ყველა საფეხური, გახლდათ მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, 2017 წლიდან კი სამინისტროშია დასაქმებული, სადაც ის ზოგადი განათლების პოლიტიკის შექმნასა და განვითარებაში აქტიურად იყო ჩართული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ საუბრისას.
ეკატერინე ხუციშვილს განათლების სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, 1991 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად, ხოლო 2007-2010 წლებში იყო საჯარო სკოლის დირექტორი, 2013 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. წლების მანძილზე თანამშრომლობდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, როგორც ტრენერი. 2017 წლიდან დღემდე კი მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტში, რეგიონული მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.