
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბადებული რ.მ. ჯანმრთელობის დაზიანების, მუქარის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ხოლო 2002 წელს დაბადებული ა.გ. ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებითაა დაკავებული. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ 2007 წელს დაბადებულ ო.ი.-ს, ხოლო ამავე დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ 2008 წელს დაბადებულ ს.ი.-ს და მისი მისამართით გაისროლეს, რა დროსაც გასროლილი ვაზნის დეტალით იქვე მყოფმა, 1995 წელს დაბადებულმა ა.ა.-მ სახის არეში დაზიანება მიიღო.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. სამართალდამცველებმა რ.მ. და ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 120-ე, 126-ე და 151-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.