ირაკლი ნადარეიშვილი: თბილისსა და ანკარას შორის პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებას

სექტემბრის ბოლოდან თურქეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet – ი თბილისსა და ანკარას შორის რეგულარულ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის პირდაპირი დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით, თბილისი – ანკარა – თბილისის ფრენების დაწყება კი ამის მაგალითია.

„თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. შესაბამისად, თბილისსა და ანკარას შორის პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის და ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლით მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას: 2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, ოცი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. ამ ეტაპზე, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება, ასევე 13%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი.

Back to top button