დავით ქართველიშვილი: საქართველოში საპროტესტო აქციებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ამის დაფინანსება კი ხორციელდებოდა იმ ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებიდან, რომელთა წინააღმდეგ სახელმწიფომ მიმართა დასავლეთში აპრობირებულ სამართლებრივ ზომებს

„ხალხის ძალის“ წვერი დავით ქართველიშვილი ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით.

ქართველიშვილის განცხადებით, საბანკო ანგარიშების დაყადაღების ამბავი უცხო არ არის აშშ-სა და ევროკავშირისთვის და მათ სასამართლო პრაქტიკაში მრავალი პრეცედენტია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც საფრთხე ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან ტერორიზმს ეხება და მასში არასამთავრობო ორგანიზაციები ფიგურირებენ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.

რამდენად გიადვილდება ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, როდესაც არ გიწევს „ველოსიპედის“ გამოგონება და მთლიანად ეყრდნობი შენი სტრატეგიული დასავლელი პარტნიორების მდიდარ გამოცდილებას.

დიახ – ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში არსებობენ პრეცედენტები, როდესაც კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო უსაფრთხოების ან ტერორიზმის საქმეზე გამოძიების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს (NGO) გაუყინეს ან დაუბლოკეს საბანკო ანგარიშები და აქტივები. განვიხილოთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი:
ესპანეთი (2017) — კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით „სედიციის საქმის“ ფარგლებში ეროვნული აუდიტის სასამართლომ დაავალა საბანკო ანგარიშების დაბლოკვის ღონისძიება ორი ყველაზე დიდი, დამოუკიდებლობის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის – Assemblea Nacional Catalana (ANC) და Òmnium Cultural.

გერმანია (2021) – აკრძალეს ისლამური NGO Ansaar International e.V.; შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ დააყადაღეს 23 საბანკო ანგარიში საერთო ჯამში 800 ათასი ევროს ოდენობით და ასევე ნაღდი ფული.
ავსტრია (2020) – ოპერაცია Luxor „მუსლიმთა საძმოს“ სტრუქტურების წინააღმდეგ: საგამოძიებო ორგანოებმა ჩხრეკებისას გაუყინეს საბანკო ანგარიშები და რამდენიმე ასოციაციისა და კერძო პირის აქტივებზე კონფისკაცია მოახდინეს.

საფრანგეთი (2020–2022) – არასამთავრობო ორგანიზაცია BarakaCity მთავრობის განკარგულებით გაუქმდა ტერაქტის შემდეგ; საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენა აქტივების ადმინისტრაციული გაყინვის მექანიზმი.

ნიდერლანდები (2003) – გამოძიების შემდეგ, მიგრაციისა და უსაფრთხოების უწყებამ დაავალა ყველა აქტივის გაყინვა ფონდისთვის Stichting Al-Aqsa, რომელიც ჰამასთან კავშირში ეჭვმიტანილი იყო. გადაწყვეტილება მოგვიანებით ევროკავშირის სასამართლოებმა დაადასტურეს.

აშშ-ში Holy Land Foundation for Relief and Development-ის – აქტივები გაიყინა; Global Relief Foundation — ორგანიზაცია შევიდა ტერორიზმის სპეციალურ სიაში (SDGT) და აქტივები მთლიანად გაიყინა; Benevolence International Foundation — აქტივები გაიყინა და ორგანიზაცია ჩასვეს სანქცირებულთა სიაში.

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა მიიღეს დაუფარავი ძალადობრივი ხასიათი – პოლიციურ დანაყოფებზე “მოლოტოვის კოკტეილების”, პიროტექნიკით, ცივი იარაღით, ქვებით, რკინის ხელკეტებით იერიშის მიტანის გზით – მიმდინარეობდა შეტევა სახელმწიფო შენობებზე, ისმოდა მოწოდებები სახელისუფლებო გადატრიალებისკენ. ყოველივე ამის დაფინანსება კი ხორციელდებოდა იმ ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებიდან, რომელთა წინააღმდეგ სახელმწიფომ განახორციელა და მომავალშიც მიმართავს დასავლეთში აპრობირებულ სამართლებრივ ზომებს“,- წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button