პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს, ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გახმოვანდა. ასეთი მოწოდებები ხმოვანდებოდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდეც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა არაერთი მოწოდება, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, თუმცა საპროტესტო აქციაზე გახმოვანებული ძალადობრივი მოწოდებების შემდგომ, აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და პრეზიდენტის სასახლის დაკავება სცადეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების შედეგებისა და ახალი დეტალების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“ – აცხადებენ შსს-ში.

Back to top button