
საქართველო საერთაშორისო „აბრეშუმის გზის ფორუმს” უმასპინძლებს. თბილისის რიგით მეხუთე საიუბილეო ფორუმი 22 – 23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით გაიმართება. წელს ფორუმის მთავარი თემა და სლოგანია: Invest in Connectivity – Grow in Stability.
ღონისძიებას 2 000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები.
ფორუმს გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი.
22 ოქტომბერს 7 პანელური სესია გაიმართება. განხილულ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა გლობალური ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, შუა დერეფნის განვითარება, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა. ცალკე პანელური სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების განხილვას.
პირველად, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, 23 ოქტომბერს თბილისის ფინანსური სამიტი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან – Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ჩაატარებენ. სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
პანელური სესიების გარდა, ფორუმი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას – გათვალისწინებული იქნება სპეციალური სივრცეები B2B (ბიზნესი ბიზნესთან) და B2G (ბიზნესი მთავრობასთან) შეხვედრებისთვის.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” პირველად 2015 წელს ჩატარდა. მასშტაბური ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ იმართება.