
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის 5 ოჯახი გადასცა. ფუტკრის ოჯახები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე განთავსდა.
ინიციატივა ხელს შეუწყობს ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის პოპულარიზაციას და ვიზიტორებისთვის, მოსწავლეებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ფუტკრის ოჯახის, მისი ცხოვრების წესისა და ეკოსისტემაში დამტვერვის მნიშვნელობის შესახებ პრაქტიკული და თვალსაჩინო ინფორმაციის მიწოდებას. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ფუტკრის სკების განთავსება ასევე ხელს შეუწყობს მცენარეთა კოლექციების დამტვერვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
„მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2017 წლიდან მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მიმდინარეობს ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენის, შენარჩუნებისა და გავრცელების სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმიანობას სამეცნიერო დატვირთვასთან ერთად საგანმანათლებლო და შემეცნებითი კომპონენტიც ჰქონდეს და საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შესაძლებლობა მიეცეთ, ბუნებრივ გარემოში გაეცნონ ფუტკრის ცხოვრებასა და მის როლს მცენარეთა სამყაროში. ეროვნული ბოტანიკური ბაღი ამისთვის ძალიან კარგი სივრცეა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
ერთობლივი კვლევების ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ფუტკრის ქცევით თავისებურებებს, ადგილობრივი თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის პერიოდებს, ასევე ბოტანიკურ ბაღში არსებული მრავალფეროვანი მცენარეების დამტვერვის პროცესში ფუტკრის ეფექტიანობას და სხვ.
სამუშაო ფორმატის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ დაათვალიერეს ხეხილოვანი კულტურების საკოლექციო ბაღი, სადაც ცენტრის მიერ გადაცემული ადგილობრივი ჯიშების ნერგებია განთავსებული.
ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის ოჯახების გადაცემა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. მემორანდუმი საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების შესწავლა-შენარჩუნების, ადგილობრივი ჯიშების კოლექციების შექმნის, ერთობლივი პრაქტიკული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.