
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, სააგენტომ მრავალწლიანი შესყიდვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მუზეუმში არსებულ მდგომარეობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თამარ ყურაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო პროექტის ავტორმა ნინო ნოზაძემ, დეტალურად წარმოადგინა ინფორმაცია მუზეუმში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სახლ-მუზეუმში დღემდე – ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი არ განხორციელებულა.
დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს მრავალი ვიზიტორი სტუმრობს. რეაბილიტაციის შემდეგ კი მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება და ექნებათ საშუალება კომფორტულ ვითარებაში გაეცნონ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას.