
არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერის Emaar Properties-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, გლობალურად ცნობილი ანტერპრენერი მოჰამედ ალი რაშედ ალაბარი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით გაიმართება.
მოჰამედ ალი ალაბარი სიტყვით გამოვა ფორუმის პანელურ დისკუსიაზე „საქართველო — ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი”.
მოჰამედ ალი ალაბარის დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია Eagle Hills-ი, საქართველოში უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიციას $6,5 მლრდ დოლარზე მეტს განახორციელებს საქართველოს უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორში. ხსენებული წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ უცხოურ ინვესტიციას საქართველოს ისტორიაში, რომელიც გარდაქმნის თბილისისა და ბათუმის იარსახეს და გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის ქალაქებში.
მოჰამედ ალი ალაბარი არის ინოვატორი და ანტერპრენერი, რომელსაც მრავალმხრივი ინტერესები აქვს სხვადასხვა სექტორში, მათ შორის უძრავ ქონებაში, საცალო ვაჭრობაში, სტუმართმასპინძლობაში, ელექტრონულ კომერციაში, ტექნოლოგიებში, ლოგისტიკაში, კვებისა და სასმელების (F&B) წარმოებასა და ვენჩურულ კაპიტალში. 1997 წლიდან მოყოლებული, ის ხელმძღვანელობს უძრავი ქონების მართვის უმსხვილეს გლობალურ კომპანიებს, მათ შორის Emaar Properties-სა და Eagle Hills-ს, რომლებიც ინოვაციური პროექტებითა და საერთაშორისო მასშტაბით განხორციელებული ინვესტიციებით არიან ცნობილნი.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” 22-23 ოქტომბერს მეხუთედ გაიმართება. ფორუმის მიზანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენა და საქართველოს როლის გაძლიერება, როგორც რეგიონის სტრატეგიული ბიზნეს ცენტრის. ფორუმს სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახსნის.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 2,000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონისა და რეგიონს მიღმა ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები.