
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. სოფელ ქსნის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე გასაბერი ნავიდან თევზჭერას აკრძალული საშუალების – ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
„ელექტროიარაღი მავნე ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ თევზზე, არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე წყლის ეკოსისტემაში. გარდა ამისა, ის საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც. სწორედ ამიტომ, გასული წლიდან, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. დასჯადია ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებაც.
უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ – აცხადებენ უწყებაში.