
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა 6048 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ასევე ბრალდებულის მიერ უკანონოდ შეძენილი 658,37 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა და 736,23 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი.
დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, არაერთგზის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 265-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.